კრამატორსკის სადგურზე რუსულ სამიზნედ ქცეული ადამიანების ტრაგედია კრემლისთვის შესაძლოა, დამატებითი სანქციების დაწესების მიზეზი გახდეს. დიდი ბრიტანეთის ლიდერმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინი სამხედრო დანაშაულს ჩადის. მეტი იზოლაცია რუსეთს - ეს დღეს ორი ევროპელი ლიდერის საერთო გზავნილი და მთავარი სათქმელია.
მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას გმობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. შარლ მიშელი ამბობს, რომ ევროკავშირის პასუხი რუსეთისთვის მეტი სანქცია, უკრაინისთვის კი მეტი იარაღი უნდა იყოს.
დაპირება მიღებულია - ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და დრონები უკრაინაში მალე ჩავა. განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.
სანამ იარაღი დანიშნულების ადგილამდე ჩავა, დასავლეთი კვლავ მსჯელობს პუტინის შეჩერების გზებზე. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც აგვისტოდან კრძალავს ქვანახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის რუსეთისგან შეძენას, იმპორტსა და ტრანსპორტირებას.
რუსეთში რეგისტრირებული გემებისთვის იბლოკება ევროკავშირის პორტებზე წვდომა. ომი რომ რამდენიმე დღეში არ დასრულდება, ამაში დარწმუნებულია საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი ფიქრობს, რომ რთული პერიოდი უკრაინას ჯერ კიდევ წინ აქვს.
სანამ მსოფლიო ლიდერები სასტიკი ომის შეჩერებაზე მსჯელობენ, ვოლოდიმირ ზელენსკი მათ გამბედაობას უწუნებს. უკრაინის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნისთვის მეტი იარაღით დახმარებას მოითხოვს და უფრო თამამ სანქციებს ელოდება რუსეთის წინააღმდეგ.
რუსეთისთვის დასავლური ფანჯარა სულ უფრო მეტად იხურება. შეერთებული შტატების სენატმა 100 ხმით მხარი დაუჭირა რუსეთისთვის ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას. სენატრებმა აკრძალეს ნავთობის იმპორტიც, თუმცა რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, უცვლელია რიტორიკაც.