27 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
გაეროში რუსეთი თავად ცდილობდა სხდომის მოწვევას, მაგრამ ის გაუშვეს იქ სადაც რუსულ გემს უშვებენ - ანდრეი კასიანოვი

167 დაღუპული ბავშვი, 297 დაჭრილი და 484 დაზარალებული - უკრაინის საელჩო საქართველოში ომის მძიმე შედეგებს აჯამებს. დიპლომატიური უწყების დროებითი რწმუნებულის ინფორმაციით, აგრესორებს გვამები ტერიტორიიდან გააქვთ ან წვავენ, ამავე დროს კი საკუთარი, რუსი სამხედროების გვამებს უკრაინის მიწაზე ტოვებენ.

ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ ოკუპანტები ამ დანაშაულისთვის აუცილებლად დაისჯებიან.

"რუსეთი ისვრის და ბომბავს მშვიდობიან მოქალაქეებს, საცხოვრებელ კვარტლებს, სადაც არ არის სამხედრო კვარტალი, ეს არის სამხედრო დანაშაული. რასაც კრემლი ჩადის, არის ბარბაროსობა. ამის დასტურია ის საზარელი დანაშაულები, რომელიც ხდება ბუჩაში, გოსტომელში, ირპენსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აგრესიისა და სამხედრო დანაშაულის 4 820 ფაქტი დააფიქსირა. ბუჩასა და სხვა ქალაქებში გავრცელებული დანაშაულების შემდეგ, მტერი ცდილობს დაფაროს თავისი დანაშაული. 

აგრესორებს გვამები რუსეთის ტერიტორიაზე გააქვთ ან წვავენ ადგილზე, ამავე დროს კი საკუთარი, რუსი სამხედროების გვამებს უკრაინის მიწაზე ტოვებენ - ამ დანაშაულისთვის აუცილებლად დაისჯებიან. არ ვაპატიებთ ამას და ამას არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა. რუსეთის ფედერაცია პასუხისგებაში აუცილებლად იქნება მიცემული. ჩვენი მსოფლიო თანამეგობრობა დგას არჩევანის წინაშე - მოისმინოს მოსკოვის ულტიმატუმები და სიცრუე ან ააშენოს ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომ არცერთი სახელმწიფო არ შეეცადოს თავს მოახვიოს თავისი ცრუ ხედვა მთელ მსოფლიოს.

ჩვენ ვნახეთ, გაეროში, რომ გუშინ რუსეთი ცდილობდა თავად მოეწვია ეს სხდომა, მაგრამ ის გაუშვეს იმ მიმართულებით, სადაც უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები რუსულ გემს უშვებენ,"- აცხადებს ანდრეი კასიანოვი.

ცნობისთვის, რუსეთმა კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნა დაკარგა. გუშინ რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს. გაეროს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი უკრაინაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რუსეთის მიერ ბუჩაში მოწყობილი სასაკლაო გახდა.

გაეროში რუსეთის ელჩი გენადი კუზმინი განვითარებულ პროცესებს აშშ-ის მხრიდან დომინანტობის მოპოვების მცდელობას და ადამიანის უფლებათა საბჭოს კოლონიზაციას უწოდებს. 

დღის ამბები