27 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება - კულება NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობს

NATO-ს მინისტერიალის მეორე დღე ბრიუსელში - ალიანსის შტაბ-ბინაში შეხვედრის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. დღევანდელ შეხვედრას წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა დაესწრებიან უკრაინისა და საქართველოს პირველი დიპლომატებიც.

დმიტრო კულებასგან შეკრებილები უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას მოისმენენ. შეხვედრის დაწყებამდე, სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა პირველი განცხადებებიც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დასავლეთისადმი მთავარი გზავნილი უცვლელია და ეს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებაა.

ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრების გასამართად ჩამოვედი. ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია. ის მხოლოდ სამ პუნქტს მოიცავს - ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინის დასახმარებლად, პუტინის შესაკავებლად და უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების დასამარცხებლად საუკეთესო გზა საჭირო იარაღის მიწოდებაა, რათა ომის ფარგლები კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს. გასულ კვირებსა და თვეებში უკრაინის ჯარმა და მთელმა უკრაინელმა ერმა დაამტკიცა, რომ ჩვენ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ და ვიცით როგორ მოვიგოთ, მაგრამ უკრაინის მიერ მოთხოვნილი იარაღის საკმარისი მარაგის გარეშე, ეს გამარჯვება მხოლოდ დიდი მსხვერპლით მიიღწევა. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე მოხდება მათი მიწოდება უკრაინისთვის, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, მით მეტი ქალაქი და სოფელი არ განადგურდება და აღარ იქნება ბუჩები. ეს არის ჩემი გზავნილი მოკავშირეებისთვის. მათ მოვუწოდებ, შეწყვიტონ ყოყმანი, და მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რადგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება," - განაცხადა კულებამ.

საპასუხოდ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალების და ხელმძღვანელობის გაბედულობა მსოფლიოს შთააგონებს. მისი თქმით, NATO განიხილავს უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას.

"მინდა გამოვხატო, როგორ ვაფასებთ თქვენს ხელმძღვანელობას, უკრაინის ძალების გაბედულობას. რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად რუსული აგრესიის წინააღმდეგ შთააგონებს მსოფლიოს. ჩვენს შეხვედრაზე დარწმუნებული ვარ განვიხილავთ უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას. კარგი შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ თქვენი ანალიზი და განვიხილოთ რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად.
მოკავშირეები ბევრი ტიპის იარაღს უგზავნის უკრაინას. მე მოვუწოდებ მოკავშირეებს მეტი განსხვავებული სისტემები მიაწოდონ უკრაინას, ეს თავდაცვისთვისაა. ველი, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები