27 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ

საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე. დეკლარაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში, რომლებიც ახლა განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება.

რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილი იყო მაშინ, როცა მათ ჰქონდათ კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ისინი ექვემდებარებიან ოკუპაციის საერთაშორისო კანონს ომის დანაშაულებისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენი, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

კერძოდ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ისევე როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ორიენტირებულია ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და შენარჩუნებაზე.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მთელი მსოფლიოსთვის ამ მძიმე წუთებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და სასწრაფოდ განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი,"- აღნიშნულია დეკლარაციაში. 

დეკლარაციას საქართველოსთან ერთად უერთდებიან უკრაინა და მოლდოვა. ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები.

დღის ამბები