რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ თეთრმა სახლმა დღეს გამოაცხადა - ეს არ იქნება მხოლოდ ამერიკული სანქციები. მას შეერთებული შტატები, დიდი შვიდეულის ქვეყნები და ევროკავშირი ერთდროულად დააწესებენ.
სრული, დამბლოკავი სანქციების ქვეშ ხვდება რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები - "სბერბანკი" და "ალფაბანკი". იყინება მათი ყველა აქტივი, რომელიც შეერთებულ შტატებთან არის კავშირში და წყდება ამერიკის მხრიდან მათთან ყველა ურთიერთობა.
სანქციათა ახალი პაკეტის მიხედვით იკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის ფედერაციაში, რაც კიდევ უფრო მეტად იზოლირებულს გახდის რუსეთს გლობალური ეკონომიკისგან.
"ჩვენ ვართ შეერთებული შტატები და ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა პუტინზე. პირველ რიგში შეერთებული შტატები დააწესებს სრულ ბლოკირებულ სანქციებს "სბერბანკზე", რუსეთში ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტზე და "ალფაბანკზე", რომელიც მისი უდიდესი კერძო ბანკია.
ჩვენ ვბლოკავთ ნებისმიერ ანგარიშს, ნებისმიერ თანხებს, რომელსაც ეს ბანკები ფლობენ შეერთებულ შტატებში. ისინი ვერ შეეხებიან თავიანთ ფულს, აქ ვერავითარ საქმეს ვერ გააკეთებენ. მეორეც - მე ვაპირებ ხელი მოვაწერო აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ჩვენს ახალ ინვესტიციებს რუსეთში," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
სანქციების ახალი პაკეტის წარმოდგენის მთავარი მიზეზი, უკრაინაში პუტინის სისასტიკე, მათ შორის, ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობები გახდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ჯერ კიდევ ორშაბათს განაცხადა, რომ ახალ სანქციებს დააწესებდა, როდესაც დელავერიდან დაბრუნების შემდეგ ის ბუჩაში მოწყობილ სისასტიკეზე საუბრობდა.
თეთრი სახლი, ექსპერტებზე დაყრდნობით, წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-მდე შემცირებას ვარაუდობს, რაც რუსეთისთვის ბოლო 15 წლის მანძილზე მიღებული ეკონომიკური მოგების დაკარგვას ნიშნავს.