საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ბრიუსელში პირველი ვიზიტი უკვე დაიწყო. მას შეხვედრა ჰქონდა ჟოზეფ ბორელთან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და უსაფრთხოების საკითხები - სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს მხარეებმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად გააგრძელებს რეფორმების გატარებას:
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან, რადგან საქართველოს ევროპული გზა ნომერ პირველი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის. ბატონ ბორელთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც პოტენციურად შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გამოწვევა იყოს. ჩვენ მას ვუთხარით, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს აქტიური რეფორმები კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მქონდა შესაძლებლობა ბატონი ბორელისგან მომესმინა მათი ხედვა, თუ როგორ ხედავენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ხაზი გავუსვი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომატებული საფრთხეების ფონზე, ევროკავშირის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.