ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. მმართველი გუნდი უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლური განცხადების უკან, სწორედ ოპოზიციური პარტიის ძებნილი წევრების ხელს ხედავს.
"ქართული ოცნება" მოსახლეობას მოსალოდნელ პროვოკაციებზე აფრთხილებს და ღიად ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო მიზანი საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმაა. ბრალდების კონკრეტული ფაქტებით დადასტურებას ითხოვს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კი ბოლო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ პარტიის რაიმე სახის პოლიტიკურ გავლენაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთავარი პოლიტიკური ოპონენტი უკრაინის მოვლენების შიდა არეულობისთვის გამოყენებას გეგმავს. მმართველი გუნდის თქმით, "ნაცმოძრაობის" საბოლოო მიზანს საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევა წარმოადგენს.
უკრაინული დაზვერვის ცილისმწამებლური განცხადების უკან ოპოზიციური პარტიის დასახელებას და ახალ საფრთხეებზე საუბარს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსების ნაწილი მმართველ გუნდს ომის საფრთხით მანიპულირებაში ადანაშაულებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მორიგ არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, საუბარი "ნაცმოძრაობის" გავლენებზე არასერიოზულია.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ძებნილი წევრები მოქმედებენ. უმრავლესობა ოპონენტების ქმედების უკან, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხების სურვილსაც ხედავს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდება, უშიშროების საბჭოს მდივნის მოწოდება ომში ჩართვისკენ, აჟიოტაჟი რძის პროდუქტების შესაძლო იმპორტზე - ეს იმ ქმედებების არასრული სიაა, რომლის უკანაც მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს. "ქართული ოცნება" ოპოზიციას პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.