27 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
უკრაინის დაზვერვის ბრალდება - აქვს თუ არა კიევს არგუმენტები და რატომ ვერ დაასახელა უკრაინის პირველმა დიპლომატმა ვერცერთი ფაქტი ბრალდების დასადასტურებლად

უკრაინული მხარე მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება - იმ ბრალდების საპასუხოდ, რაც ორი დღის წინ თავად გააჟღერა. დმიტრო კულებამ განცხადება ამის შესახებ ტელემარათონის დროს გააკეთა.

ქმედებები საქართველოს საგარეო უწყებამ უკვე განახორციელა. სამინისტროში უკრაინის დროებითი რწმუნებული ახსნა-განმარტებებისთვის ჯერ კიდევ გუშინ დაიბარეს. დღეს კი, უკრაინის პირველ დიპლომატს საქართველოს საგარეო უწყებიდან უთხრეს, რომ მისი განცხადება ქვეყნებს შორის ურთიერთობას აზიანებს.

საგარეო უწყებამდე უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს ინფორმაციის გაცვლა სუსმაც მოსთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამას უწყებებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება არეგულირებს, ოფიციალურ კიევს ქართული მხარისთვის მტკიცებულებები ამ დრომდე არ გადაუცია.

მედიისგან მიღებული ინფორმაცია სარწმუნო არც ოპოზიციისთვის არის. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მტკიცებულებები უკრაინულმა მხარემ უნდა წარადგინოს, ნაწილს მიაჩნია, რომ საკითხის მოგვარებისთვის საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია დახურულ ფორმატში. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი არგუმენტებით უნდა უპასუხოს.

ან მტკიცებულებები ან უარყოფა - ასეთია მმართველი გუნდის მოთხოვნა უკრაინული მხარის მიმართ. "ქართულ ოცნებაში" კულებას განცხადებას გაუგებარს უწოდებენ და ამბობენ, რომ ე.წ. მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეზეა. გავრცელებულ ინფორმაციას სახელისუფლო გუნდში აფასებენ, როგორც შეურაცხმყოფელს და უსაფუძვლოს და მიაჩნიათ, რომ განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა მხოლოდ ერთი საფუძველი ჰქონდეს, რაც მათი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ თანამდებობებს და გავლენებს უკავშირდება.

საქართველოს რომ დასამტკიცებელი არაფერი აქვს, ამაზე დღეს განცხადებები აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც გაკეთდა.

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიას სამხედრო კონტრაბანდისთვის იყენებს. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინული მხარე არგუმენტებს საქართველოსგან ელოდება. ქართული მხარე კი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან ბრალდების დამადასტურებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს.

დღის ამბები