აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი - გამოცხადებულია მორიგი ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. შავ სიაშია რუსეთის პოლიტიკური ელიტის შთამომავლობაც. 150-მდე ოლიგარქს და 400-ზე მეტ სამთავრობო ჩინოსანს დაემატნენ შვილები. მათ შორის პუტინის ორი ზრდასრული ქალიშვილი და ლავროვის შვილი დედასთან ერთად. ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, მათ შორის დიმიტრი მედვედევი და მიხეილ მიშუსტინი.
სანქციების ახალი ფრონტი რუსეთს სამი მიმართულებიდან გაუხსნეს. ევროპას ერთი ნაბიჯი აშორებს გაზისა და ნავთობის ემბარგოს დაწესებამდე. ევროპარლამენტში უკვე კეთდება განცხადებები, რომ საქმე საბოლოოდ რუსულ ენერგომატარებლებზე იმპორტის სრულ აკრძალვამდე მივა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუს ხალხს რუსულ ენაზე მიმართა და უთხრა, რომ ხელისუფლება მათ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლეს უმალავს. მტკიცებულებები და ფაქტები კი, ბორის ჯონსონის შეფასებით, შოკისმომგვრელი და გამაოგნებელია. სამხედრო დანაშაულში პასუხისმგებელი პირები, პრემიერის თქმით, აუცილებლად დაისჯებიან.
რუს ხალხს და სამხედროებს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან შარლ მიშელმაც მიმართა და მათ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის სანქციების გამკაცრების მომხრეა.
ევროკავშირმა სანქციების მეხუთე პაკეტი უკვე წარმოადგინა. შეზღუდვები ეხება რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს, ევროკავშირის პორტებში რუსული ხომალდების შესვლას და მსხვილ რუსულ ბანკებს. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ასევე ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი, უკრაინაში რუსული არმიის ქმედებებზე, მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად. ევროპული პოლიტიკის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს უკრაინისთვის დროული დახმარების აუცილებლობაზე.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა შეერთებულმა შტატებმაც. ახალი შემზღუდავი ზომები უკრძალავს ამერიკის მოქალაქეებს რუსეთში ინვესტიციების განხორციელებას. სანქციები უწესდება "სბერბანკს", რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს, ასევე "ალფაბანკს".
"ეს ომი პუტინმა ვერ უნდა მოიგოს" - ასეთია მსოფლიო ლიდერების გაცხადებული სურვილი. უკრაინაში პუტინის რეჟიმის წარუმატებლობა საერთაშორისო საზოგადოების აქტიურ და ადეკვატურ პასუხებზეა დამოკიდებული. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ომის შეჩერების პროცესში გერმანიის თანამონაწილეობაზე საუბრობს.
"რუსეთი ომს ვერ მოიგებს იმ შემთხვევაში თუ მის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება და უკრაინას საჭირო სამხედრო დახმარება ექნება" - ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას, რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ამ დრომდე დახმარებას თხოვს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ირლანდიის კანონმდებლებს მიმართა. პრეზიდენტი უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე უკვე მსოფლიოს 19 ქვეყნის პარლამენტარებს ესაუბრა. მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, G7-სა და ნატოს. უკრაინის პრეზიდენტს მოუსმისნეს დოჰას ფორუმზე და "გრემის" დაჯილდოვების ცერემონიაზეც.