27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის შეხვდა. 

უმაღლესმა წარმომადგენელმა წარმატება უსურვა მინისტრს მის მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის ღირებულ პარტნიორთან, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა წევრობის განაცხადის გაკეთების შემდგომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე გადასვლას და უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადის გაკეთების შემდგომ გადადგა. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს რეფორმების აქტიური პროცესი და ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ქვეყანას  ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით გააჩნია. 

ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს, ისევე, როგორც ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციულ მიზნებს ექნება ევროკავშირის მტკიცე და განგრძობითი მხარდაჭერა.

უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს. მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 

დღის ამბები