27 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტსა და "ტვ პირველის" ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულებს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

5 ივლისის საქმეზე კიდევ 7 პირის განაჩენი გამოცხადდა. 6 პირს ერთწლიანი სასჯელი, ერთს კი წელიწადნახევარი შეუფარდეს. ისინი ციხეს, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში დატოვებენ. საუბარია ეპიზოდზე, რომელიც სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს  და "ტვ პირველის" ოპერატორს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეში დატოვებენ მსჯავრდებულები საპატიმროს, უკმაყოფილოები არაინ მსჯავრდებულების უფლებადამცველები. ადვოკატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. 

"ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, მუხრან დადვანს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც ბრეგვაძის ეპიზოდზე იყო ბრალდებული. არ აღიარებდა დანაშაულს, არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება არ ყოფილა იმისა, რომ მან ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. ამდენად, ის უდანაშაულოა და ჩვენ სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ,"-აცხადებს მუხრან დადვანის ადვოკატი. 

პროკურორი ამბობს, რომ არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, დაკავებულებს მინიმალური სასჯელი ერგოთ. მისივე განცხადებით, საქმეში იყო არაერთი ჩვენება, როგორც ვიდეოკადრები, ასევე - სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა.

"სასამართლომ დამნაშავედ სცნო შვიდივე ბრალდებული, მედის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში. ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს განაჩენის იმ ნაწილს, სადაც მოსამართლემ ძალადობა ორგანიზებულად, ჯგუფურ მოქმედებად არ შეაფასა და აუცილებლად გაასაჩივრებს სააპელაციო წესით,"-აცხადებს პროკურორი ნათია გურული.

დღეს საქალაქო სასამართლომ ყველა პირის საქმეზე განხილვა დაასრულა და ყველას გამამტყუნებელი სასჯელი გამოუტანა. დაკავებულთა შორის ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო ლექსო ლაშქარავას საქმეზე დაკავებულ 5 პირს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.

დღის ამბები