27 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთს პორტებზე წვდომას უკრძალავს, შეზღუდვა წესდება რუსული ქვანახშირის იმპორტზე - რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. მე-5 პაკეტის მიხედვით შეზღუდვა წესდება რუსული ქვანახშირის იმპორტზე. იკრძალება ტრანზაქციები 4 რუსულ ბანკთან.

"ამ კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანია მაქსიმალური ზეწოლა პუტინსა და რუსეთზე. წარმოგიდგენთ ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტს, რომელიც 6 პუნქტის მოიცავს:

პირველი - რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც რუსეთს შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს შეუზღუდავს.

მეორე - ტრანზაქციების აკრძალვა 4 მთავარ რუსულ ბანკთან, მათ შორის სიდიდით მეორე რუსულ ბანკ ვითიბისთან; ეს ოთხი ბანკი რუსეთის საბანკო სექტორის 23%-ს წარმოადგენს. 

მესამე - ევროკავშირის პორტებზე რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემების წვდომის აკრძალვა.

მეოთხე - 10 მილიარდი ევროს ღირებულების შემდგომი საექსპორტო შეზღუდვა სატრანსპორტო, ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

მეხუთე - საიმპორტო აკრძალვები 5,5 მილიარდი ევროს ოდენობით.

მეექვსე- ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა და რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვა," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს რომ სანქცირებულთა სიას დაემატებიან ისინიც, ვინც პროპაგანდისტულ საქმიანობაში არიან ჩართული:

"ჩვენ ვაფართოვებთ სანქცირებულთა სიას, რომელსაც ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ისინი დაემატებიან, ვინც პროპაგანდისტულ საქმიანობაში არიან ჩართული. სანქცირებულთა სია ასევე მოიცავს სუბიექტებს სამხედრო, სამრეწველო და სატრანსპორტო სექტორებიდან," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

დღის ამბები