27 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ომის სასტიკი რეალობა უკრაინიდან - სიკვდილიანობის სტატისტიკა გაუპატიურებული და შემდეგ დახვრეტილი ბავშვებით ყოველდღიურად იზრდება

უკრაინელი ანალიტიკოსები, რომლებიც ომის დანაშაულებს სწავლობენ, აცხადებენ რომ უკრაინულ დასახლებებში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი, უკვე ბევრად აჭარბებს იუგოსლავიის ომის დროს, ხორვატიის ქალაქებში - გოსპიჩსა და ვუკოვარში დახოცილების რაოდენობას. მხოლოდ კიევის ოლქში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ომის დანაშაულის 1 200 საქმე დაარეგისტრირა.


რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებებს უკრაინა ევროკავშირის საგამოძიებო კომისიასთან ერთად გამოიძიებს, თუმცა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ თუ ასე არ მოხდება, უკრაინა თავად აღასრულებს სამართალს.

ბუჩას შემზარავ კადრებს მოსკოვი კვლავ რუსეთის წინააღმდეგ დადგმულ პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ კიევის მიერ ასეთივე ინსცენირება ახლა ქალაქებში: კონოტოპსა და სუმში ხდება. ეს აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ რუსეთი, მის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის დაფარვას სხვა ქალაქებში უკვე წინასწარ ცდილობს.


რუსი სამხედროები ამ დრომდე რჩებიან მიკოლაევის ოლქში. აგრესორი ანადგურებს ქალაქს და ცეცხლს მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართითაც ხსნის. მხოლოდ 1 დღეში მოკლულია ათზე მეტი ადამიანი. კლავენ გაჩერებებზე, ტრანსპორტში, სახლებშიც კი. იერიში მიიტანეს ქალაქის ცენტრზე, საბავშვო საავადმყოფოსა და სავაჭრო ქსელზე. ქალაქის მერის ინფორმაციით კასეტური ბომბი გამოიყენეს ბავშვთა სახლზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე თავდასხმისას. ცეცხლს უხსნიან ჟურნალისტებსაც. სროლების შედეგად, მიკოლაევთან ახლოს სიენენის გადამღები ჯგუფის მანქანა განადგურდა.

უკრაინას ჯერ წვდომა მხოლოდ კიევის რეგიონზე აქვს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით კატასტროფა ხდება ბორდიანკაშიც. კიდევ უფრო საშინელება ვითარებაა მარიუპოლში, სადაც 100 ათასი ადამიანი სრულ ბლოკადაში რჩება და არავინ იცის მათგან უკვე რამდენია მოკლული ან შიმშილით გარდაცვლილი.

დღის ამბები