"კანონიერი ქურდი" ზაქარია კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი" ერთ-ერთია, ვისი გვარიც შესაძლოა მალე საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვდეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ესპანეთის ფინანსთა სამინისტრომ, პროკურატურას გადაუგზავნა რუსული მაფიის და ოლიგარქატის 50 კაციანი ჩამონათვალი, სადაც სწორედ ქართული წარმომავლობის გავლენიანი "კანონიერი ქურდიც" ფიგურირებს.
კალაშოვი 2014 წელს მოსკოვის მოთხოვნით, ესპანეთმა რუსეთს გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრივილეგირებულ პირობებში იმყოფება და სწორედ იქიდან მართავს კარგად ორგანიზებულ საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელს. ესპანეთის საგამოძიებო სამსახური მას რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან მჭიდრო კავშირს, კორუფციას და ფულის გათეთრებას ედავება. კალაშოვთან ერთად ესპანეთის მიერ შედგენილ შავ სიაში მოხვდნენ: ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი, ყოფილი პროკურორი იგორ სობოლესკი, ასევე მიხაილ ჟიჟინი, ალექსეი შიროკოვი და სხვები.
სანქციების ქვეშ მოყვა ნავთობისა და ფერადი ლითონის მაგნატი, ცნობილი რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვექსელბერგიც. რენოვო-ჯგუფის დამფუძნებელი რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მის მფლობელობაში არსებული 100 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა ესპანეთის პოლიციამ მაიორკაზე, შეერთებული შტატების მოთხოვნით დააკავა. 78 მეტრის სიგრძის იახტა სახელწოდებით "ტანგო" უკვე მეოთხეა იმ ქონებებს შორის, რომელიც ბოლო კვირებში ესპანეთში რუს ოლიგარქებს ჩამოართვეს. იახტაზე პოლიციამ ჩხრეკა უკვე დაასრულა. აღმოჩენილია ფინანსური დოკუმენტაცია, რითიც ვიქტორ ვექსელბერგი საკუთარი ქონების გადამალვას და სანქციების არიდებას ცდილობდა.
ესპანეთის გარდა, რუსი ოლიგარქების იახტებზე ნადირობა გრძელდება საფრანგეთშიც. რივიერაზე ფრანგმა სამართალდამცველებმა საბოლოოდ დააყადაღეს 86 მეტრიანი სუპერიახტა, სადაც რუსი ოლიგარქი იგორ სეჩინი ხშირად მართავდა დახურულ წვეულებებს. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეს მრავალმილიონიანი ქონება ეკუთვნის იგორ სეჩინთან დაკავშირებულ კომპანიას. როსნეფტის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი ვლადმიერ პუტინის ყველაზე ძველი მოკავშირეა და წლების განმავლობაში მისი მრავალმილიარდიანი ქონება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
რუსი ოლიგარქის, სერგეი ნაუმენკოს კუთვნილი იახტა დააკავეს დიდ ბრიტანეთშიც. 38 მილიონ ფუნტად შეფასებული ეს იახტა აღჭურვილია მტკნარი წყლის აუზით და უნიკალური ღვინის სარდაფით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთმა საერთაშორისო სანქციების მიღმა მყოფ რუს მილიარდერს ქონება ჩამოართვა. ბრიტანეთშივე დააკავეს საფეხბურთო კლუბ "არსენალის" ყოფილი მფლობელის, ალიშერ უსმანოვის 500 000 ფუნტად შეფასებული უახლესი მოდელის ლიმუზინი.
დასავლეთის სანქციებს თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში ემალებოდა რომან აბრამოვიჩის ცნობილი იახტა. მას შემდეგ, რაც აბრამოვიჩი სტამბულში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გამოჩნდა, 600 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა თურქეთის ტერიტორიული წყლებიდან გავიდა. ვარაუდობენ, რომ მან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს პირადად სთხოვა, არ დაუწესონ სანქციები მოლაპარაკებებში ჩართულ მილიარდერს.