უკრაინის დროებითი რწმუნებული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს. ანდრეი კასიანოვი საგარეო უწყებაში თითქმის ორი საათის განმავლობაში ხსნიდა თუ რატომ და რის საფუძველზე გაავრცელა უკრაინულმა დაზვერვამ სკანდალური ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის შესაბამის უწყებებთან ქვეყნის ტერიტორიის გავლით, კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ორგანიზების მიზნით. ანდრეი კასიანოვმა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპეციალური განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში განმარტავენ, რომ უკრაინული მხარის ბრალდებები ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებისთვის დამაზარალებელია.
უკრაინულმა დაზვერვამ, საქართველოში სამხედრო კონტრაბანდული არხების არსებობის შესახებ ბრალდება, გუშინ გაავრცელა. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ტექსტში, მტკიცებით ფორმაში წერია, რომ საქართველო, რუსეთს სამხედრო ოპტიკურ საშუალებებს, ელექტრომასალებს და სპეცტექნიკას, უკანონოდ აწვდის. საუბარია იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც ძირითადად დასავლეთში ან ჩინეთში იწარმოება. უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა კონტრაბანდისტებს ოპერირების უფლება მისცეს. თუმცა, კიევს ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. სუს-მა კოლეგებს დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართა. სპეცსამსახურმა განმარტა, რომ მაღალტექნოლოგიური სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდა, ქვეყნის კანონმდებლობით უმკაცრესად ისჯება. შესაბამისად, უკრაინული მხარე ვალდებულია ღია წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას დამადასტურებელი სამხილებიც დაუმატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახური ბრალდებას უაღრესად არამეგობრულ ნაბიჯად და ქვეყნის შიდა არეულობის პროვოცირების მცდელობად ჩათვლის.
უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, გამოეხმაურნენ ვაშინგტონშიც, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები ქართულ სპეცსამსახურებთან მუდმივად თანამშრომლობს.