27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი სომხეთშია - პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი სომხეთშია, პარლამენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა პირისპირ გაფართოებული შეხვედრები ორი ქვეყნის წარმომადგენლობას შორის. ძირითადი საკითხები რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ეხებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საუკუნოვანი მეგობრობა ერთგვარ პასუხისმგებლობას აკისრებს პარლამენტებს ურთიერთობების შენარჩუნების და გაღრმავების კუთხით. 

"ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მრავალ საუკუნეს მოიცავს, თუმცა წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. ამ 30 წლის უკან დგას საუკუნეები ქვეყნებს და ხალხებს შორის მეგობრობის და ძმობის. ეს საუკუნოვანი ძმობა, რა თქმა უნდა, სხვა პასუხისმგებლობა გვაკისრებს ჩვენ, როგორც პარლამენტებს.

ეს ურთიერთობა პარლამენტებს შორისაც იყოს ინტენსიური, საქმიანი და მეგობრული. ამიტომ გვქონდა საუბარი, რომ პარლამენტებს შორის უნდა იყოს ურთიერთობა არა მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები თავმჯდომარის დონეზე, არამედ კომიტეტების დონეზეც, უნდა იყოს აპარატებს შორისაც თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან ეს არის, ჩვენი საერთო მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თანამედროვე სახელმწიფო თანამედროვე ინსტიტუციები გაძლიერდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამისი საწინდარი იქნება, რომ პარლამენტებს შორის ძალიან საქმიანი და ინტენსიური ურთიერთობა განვითარდება,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავრი თემა რეგიონში არსებული გამოწვევები იყო.

"ჩვენს ქვეყნებს საუკუნოვანი მეგობრობა და ისტორიული წარსული აკავშირებს. განვიხილეთ საპარლამენტო და ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები. შევეხეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას ჩვენს ქვეყნებზე. ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში ომის შემდგომ საკითხებზე, რომელიც ჰუმანიტარული კუთხით დადგება რეგიონული მასშტაბით. სპიკერთან განვიხილეთ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჯგუფები ორივე მხრიდან ვიცე-სპიკერების ხელმძღვანელობით ეფექტურად მუშაობს,"- აცხადებს ალენ სიმონიანი.

დღის ამბები