27 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ბუჩაში განვითარებული მოვლენები გენოციდია, მიუხედავად ამისა, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს, თუმცა პუტინთან შეხვედრა არ იქნება - ზელენსკი

ბუჩაში განვითარებული სასტიკი დანაშაულების პარალელურად, უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოოს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. თუმცა პუტინთან შეხვედრა არ იქნება. როგორც ზელენსკი ამბობს, უკრაინას სჭირდება სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც ბოლომდე გაჰყვებიან ქვეყანას და 24 საათის განმავლობაში მიაწვდიან იარაღს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენები გენოციდია, მათ ყველაფრისთვის სასჯელი უნდა დაეკისროთ. მიუხედავად ამისა, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს, თუმცა, პუტინთან შეხვედრა არ იქნება. ყველაზე რთულია ისაუბრო იმაზე, რაც მათ ჩაიდინეს, აღიარო ისინი მტრებად და ამასთან, იპოვო შესაძლებლობა შეხვედრისთვის, ამ შეხვედრაზე იპოვო გამოსავალი და არ დაკარგო საკუთარი ტერიტორია. ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც აწამებდნენ ჩვენს ხალხს. ვიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას და მათ ძებნას. ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც ბოლომდე გამოგვყვებიან.

ჩვენ გვჭირდება ქვეყნების ისეთი წრე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოგვაწვდიან ნებისმიერ იარაღს. უკრაინას ჯერ არ მიუღია ამ ქვეყნების კონკრეტული სია დადასტურებული შეთანხმებით, რომლებიც მზად არიან 100%-ით დაგვიჭირონ მხარი, მაგრამ ცხადია, სხვადახვა ქვეყნები მზად არიან უზრუნველყონ გარკვეული გარანტიები, ეს ქვეყნები გაერთიანდებოდნენ, 24 საათის განმავლობაში, ორი ან სამი დღის განმავლობაში დააწესებენ ყველაფერს, დაბლოკავენ ყველაფერს და უბრალოდ შეაკავებენ რუსეთს.

თუ ხვალ შემოგვთავაზებენ NATO-ში გაწევრიანებას ჩვენს სიცოცხლესთან თამაშის გარეშე, მაშინ ჩვენ შევუერთდებით. სამწუხაროდ, ეს არ მოხდება. ამიტომაც შევქმნით უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენთვის, რომელსაც შეეძლება სიცოცხლის დაცვა. თუნდაც ყველაზე მძლავრ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, რუსეთი ორ წელიწადში შეიძლება დაბრუნდეს. ჩვენ გვესმის ეს და თუ ამას მივიღებთ, შესაბამისად ვიმოქმედებთ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები