27 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
The New York Times:​ ბუჩაში სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო

The New York Times-ს ცნობით, ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო. გამოცემის ინფორმაციით, ანალიზი არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.

მშვიდობიანი მოქალაქეები სწორედ მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული. ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. ზოგიერთი სხეული იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის შემდეგ, მათი აღმოჩენის დროს. ამ წუთებში განგაშის სიგნალი ისმის უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში.

ოკუპანტებისგან ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეები ნახეს სუმშიც. რუსებმა დაბომბეს მიკოლაევის ცენტრი, საბავშვო საავადმყოფო და სავაჭრო ცენტრი. იერიში მიიტანეს ბავშვთა სახლზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე. უკრაინული მხარე 10 დაღუპულისა და ათობით დაშავებულის შესახებ იუწყება. ცნობები ვრცელდება დონეცკში ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შესახებაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სარტილერიო იერიშებს, ბომბავენ საცხოვრებელ კოპუსებს და ინფრასტრუქტურას. 

"მტერი ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და ძალისხმევის კონცენტრაციას ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევითი ოპერაციის მომზადებაზე. მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაა.

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკადას, განაგრძობენ საარტილერიო დაბომბვას და შემდგომ ანადგურებენ ქალაქის საცხოვრებელ უბნებს და ინფრასტრუქტურას. რუსმა დამპყრობლებმა მასიური საარტილერიო და საჰაერო დარტყმები მიაყენეს ქალაქ მარიუპოლს.

რუსეთის ჯარებმა მიკოლაევზე თავდასხმები ჟენევის კონვენციით აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალებით განახორციელეს. სამოქალაქო უბნები და სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო, მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა. არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები," - აცხადებს ალექსანდრ სტუპუნი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, განადგურებულია უკრაინული ძალების სამი ვერტმფრენი. 

"გუშინ მიკოლაევის გარეუბანში, ბალოვნეს აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დადასტურდა, რომ განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი ვერტმფრენი. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო ექვსი უპილოტო თვითმფრინავი ამ დასახლებებთან ახლოს. ღამეს ქალაქ ლისიჩანსკთან საჰაერო თავდასხმის დროს განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 24-ე მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საწყობი, ასევე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საწყობები," - აცხადებს იგორ კონაშენკოვი.


დღის ამბები