27 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
თბილისში დააკავეს ექთანი, რომელმაც თანხის სანაცვლოდ COVID-19-ის აცრის ყალბი ბარათი გასცა

COVID-19 აცრის ყალბი ბარათის დამზადებისთვის ექთანი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა COVID-19 აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა "Pfizer"-ის ვაქცინით. 

"ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები