27 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ისინი, ვისაც ევროპაში გენოციდი სურს, უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე - ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტს მიმართა

ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა. მან რუმინელ დეპუტატებს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების ამსახველი ვიდეო წარუდგინა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიზეზი, თუ რატომ აკეთებს რუსეთი დანაშაულებისა და გენოციდისკენ მოწოდებებს ღიად და დაუფარავად, არის ის, რომ დარწმუნებულები არიან, რომ ევროპელი ლიდერები სუსტები არიან და რომ ევროპელ ხალხს არ შეუძლია საერთო ღირებულებების დაცვა. როგორც ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა, რუსმა სამხედროებმა და მათმა ხელმძღვანელებმა პასუხი აგონ.

"ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება. რამდენიმე საათის წინ მე დავბრუნდი კიევის ოლქში, ჩვენს დედაქალაქთან მდებარე გათავისუფლებული ქალაქებიდან. სწორედ იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც გავაძევეთ რუსი ურწმუნოები და ვნახეთ, თუ რას უკეთებდნენ ჩვენს მიწაზე უკრაინელ ხალხს. მინდა, თქვენ ახლა ეს ნახოთ, რა დატოვეს ურწმუნოებმა. ქალაქ ბუჩას სახელი სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ისტორიაში, სამხედრო დანაშაულების ისტორიაში, ხალხის განადგურების ისტორიაში.

ეს მხოლოდ გამოძიების დასაწყისია. ჯერ კიდევ ყველა ჩვენება არ არის შეგროვებული. ჯერ კიდევ ყველა სამარხი არ არის აღმოჩენილი. არ არის დათვალიერებული ყველა სარდაფი, სადაც რუსი სამხედროები ხალხს აწამებდნენ.

1989 წელს სიცოცხლე დაასრულა ნიკოლაე ჩაუშესკუმ. მრავალი წელი ცხადი იყო, რომ ამ ადამიანმა დაკარგა ადეკვატურობა. ცხადი იყო, რომ ის, მისი ცოლი, მისი გარემოცვა თქვენს ქვეყანას და ხალხს ქვემოთ ექაჩებოდნენ – არაფერი ნათელი მასში არ იყო. რუმინელი ხალხი აჯანყდა და დაიცვა საკუთარი თავი, გადაარჩინა საკუთარი თავი არაადეკვატური ხელისუფლების დამხობით, ვინაიდან ეს იყო ერთადერთი გზა.

ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ეს არაადეკვატური ხალხი, რომელიც მიეჩვია დაუსჯელობას და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერის უფლება აქვთ. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ისინი, ვისაც ევროპაში გენოციდი სურს. უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე. ურწმუნოთა ჯარები ჯიუტად ცდილობენ, გასცდნენ ჩვენს ქალაქ მიკოლაევს, რომ სცადონ ოდესის დაპყრობა. ოდესიდან კი მოლდოვამდე ერთი ნაბიჯია.
ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და დახუროს პორტები რუსული გემებისთვის, შეაჩეროს ტვირთების ტრანზიტი და ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა რუსეთში. რუსული ენერგომატარებლებისთვის ფულის ნაკადის შეზღუდვას ალტერნატივა არ აქვს," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები