ბუჩაში რუსების მიერ ჩადენი ლი დანაშაულების გამო ევროპელი ლიდერები გამოძიებას და პასუხისგებას ითხოვენ. ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ამის შესახებ Twitter-ზე წერენ. საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე.
გერმანიის კანცლერი კი მოითხოვს, სისასტიკის დამოუკიდებლად დოკუმენტირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს ბუჩას ტერიტორიაზე წვდომა მიეცეთ.
"ჩვენ დაუღალავად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ,"- წერს ოლაფ შოლცი.
კიევის ოლქიდან რუსეთის ჯარმა უკან დაიხია, თუმცა რაიონებსა და ქალაქებში მათი სისასტიკის კვალი დარჩა. ბუჩასა და ირპენში ათეულობით დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა ნაწილი ნაწამები და ხელებშეკრულია. რაც ნიშნავს, რომ ხოცავდნენ არა მხოლოდ გამვლელებს, ასევე ტყვედ აყვანილ მოქალაქეებს.