27 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის, ნახონ ბუჩა და გაიგონ სადამდე მიგვიყვანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ - ზელენსკი

მოსკოვი მიიჩნევს, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულისაც კი - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ღამით გავრცელებული ვიდეო მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ, რა შედეგი მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკას.

უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებაც, რომელიც თითოეული რუსი ოკუპანტის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს.

"ასობით მოკლული, ხელებშეკრული და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქე, მოკლულებით სავსე ქუჩები, დანაღმული ტერიტორიები და ცხედრები.

საერთაშორისო პარტნიორებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ყველა ფაქტს დეტალურად გავაცნობთ. ბუჩასა და სხვა რეგიონებში ჩადენილი სამხედრო დანაშაული სამშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მთავარი თემა იქნება.

ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აუცილებლად დაწესდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა სანქციები არამარტო რუსეთის, არამედ იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებმაც ამ ბოროტების ჩვენს მიწაზე შემოსვლას ხელი შეუწყვეს.

დღეს ბუქარესტის სამიტის 14 წლისთავია. 2008 წელს უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს, რაც გარკვეული პოლიტიკოსების შიშით იყო გამოწვეული. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით რუსეთის დამშვიდებასა და უკრაინასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებდნენ. ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის, ნახონ ბუჩა და გაიგონ, სადამდე მიგვიყვანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში. საკუთარი თვალით ნახეთ ნაწამები უკრაინელები.

მინდა, სწორად გამიგოთ, ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ. არავის ვადანაშაულებთ, გარდა კონკრეტული რუსი სამხედროებისა, რომლებმაც ეს გააკეთეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათ გარდა ვინც ბრძანება გასცა. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვისაუბროთ გაურკვევლობაზე, რომელმაც ამგვარ ბუჩამდეჰოსტომელამდეხარკოვამდე და მარიუპოლამდე მიგვიყვანა.

ჩვენ გვესმის ერთი რამ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. 14 წლის წინ რუსეთის ხელმძღვანელობამ ბუქარესტში განაცხადა, რომ არ არსებობს ქვეყანა, სახელად უკრაინა. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ასეთი ქვეყანა არსებობს და იარსებებს!" - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები