საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "კურიერში" საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ძალიან გასაკვირვი და უსამართლოა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამ თემაზე ახლა აქცენტის გაკეთება არ უნდა მოხდეს. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ განცხადებები, რაც ელჩის გაწვევამდე საქართველოს მისამართით გაკეთდა, უსამართლო იყო და საქართველო მსგავს ნაბიჯებს არ იმსახურებდა.
დავით ზალკალიანმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა:
"ჩვენთვის ძალიან გასაკვირია ეს ყველაფერი, თუმცა არ მინდა ამ საკითხის გარშემო დისკუსიაში შევიდე. მესმის, რომ ეს ძალიან ემოციური საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ მე საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვარ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, რომ არ დავუშვა ქვეყნებს შორის, რომ ახლა აქცენტი გადავიდეს ისეთ თემაზე, როგორიც არის ელჩის გათავისუფლება არ გათავისუფლება. მათ შორის ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ახლა ძალიან მძიმე განსაცდელის წინაშეა. ეს მათი სუვერენული უფლებაა. პრეზიდენტის მხრიდან იყო გამოთქმული უკმაყოფილება ელჩის საქმიანობით. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც მანამდე იყო გადადგმული გაწვევასთან დაკავშირებით, უსამართლო იყო და საქართველო ნამდვილად არ იმსახურებდა მსგავს ნაბიჯებს.
საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის ქვეშ ვართ, არ გვიცავს არანაირი უსაფრთხოების ქოლგა, მიუხედავად ამისა, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის და დებისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვეჩინა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ ის სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ ყველა პლატფორმაზე გავაჟღერეთ, იყოს ბოლომდე მიყვანილი.
შენ როდესაც მხარს უჭერ დამგმობ რეზოლუციას და მხარს უჭერ საკითხის ინიცირებას, რომ საერთაშორისო სისხლის სასამართლოში დაიწყოს გამოძიება ომის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შენ ამ პროცესის თანამონაწილე ხარ. ეს ჩვენი ძალიან სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერაა. ასევე ჩვენ 20 000-მდე უკრაინის მოქალაქეს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ ჩვენ სერიოზულ დახმარებას აღმოვუჩენთ, როგორც განათლების მიღების კუთხით, ისე ჯანდაცვის სისტემის კუთხით.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა და საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს ამას იმ ფონზე, რა მხარდაჭერასაც ჩვენ ვავლენთ, ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი გვაქვს გაკეთებული და ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გადაივლის და მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, მაინც გავაგრძელებთ უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერას ყველა პლატფორმაზე. ჩვენი საელჩოს თანამშრომლები არ გამოსულან ქვეყნიდან და პრაქტიკულად იგივე დაბომბვის ქვეშ არიან, რა დაბომბვის მსხვერპლიც არის უკრაინის მოსახლეობა. მათი იქ ყოფნა ხომ მათი სოლიდარულობის და მხარდაჭერის გამოხატულებაა. ამიტომ, მე მინდა მათ საჯაროდ ვუთხრა მადლობა,"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
შეკითხვაზე თუ როდის ელოდება საქართველო ახალ ელჩს უკრაინიდან, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინის გადასაწყვეტია და როგორც კი ეს მოხდება, საქართველო ერთი წუთითაც არ დაყოვნდება თანხმობაზე:
"ეს მათი გადასაწყვეტია. როგორც კი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, პროცესი დიპლომატიური არხებით შეთანხმდება და ერთი წუთითაც არ დაყოვნდება ჩვენი მხრიდან თანხმობის მიცემა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.