სტრასბურგის უარი მიხეილ სააკაშვილს - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ექსპრეზიდენტის საჩივარი ამოიღო, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
სხვაგვარი განმარტება აქვს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. შოთა თუთბერიძემ განმარტა, რომ ევროსასამართლოში საჩივარი მიხეილ სააკაშვილს არ გაუგზავნია და ეს იყო დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა, რომელიც ნოემბერში გაიგზავნა.
ადვოკატი განმარტავს, რომ იმ პერიოდში სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, შემდეგ კი გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში და შესაბამისად მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ კი ევროპის სასამართლომ ნოემბერში გახსნილი აპლიკაცია უბრალოდ ჩახურა და ეს არ ყოფილა სარჩელის ამორიცხვა.
"ევროსასამართლოს მიმართვას აქვს თავისი ძალიან მკაცრი პროცედურული და პროცესუალური წესები. მათ შორის ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ შიდა ეროვნული მექანიზმები უნდა იყოს ამოწურული, ანუ შიდა სასამართლო უნდა იყოს ამოწურული.
საქალაქო სასამართლოს განხილვაში ჯერ კიდევ არის მიხეილ სააკაშვილის საქმე არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ ეს საქმე სტრასბურგში ჯერჯერობით არ გაგვიგზავნია. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ასე არ გავაკეთებთ," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.