27 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები დღეს ვირტუალურ ფორმატში გაგრძელდა - უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებს

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ომის პარალელურად დღეს ონლაინ ფორმატში გაგრძელდა - პროცესში აქტიურობს თურქეთი.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბოლში ამჯერად უკვე ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის ეპატიჟება.
აქტიურობს ემანუელ მაკრონიც, რომელიც ბოლო დღეებში თითქმის ყოველდღე რეკავდა კრემლში. ამჯერად საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა.

ყველა თანხმდება, რომ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს, თუმცა 29 მარტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ რაიმე პროგრესი ჯერ არ ჩანს.

არ არის გამორიცხული, რომ რუსულ ქალაქ ბელგოროდში აფეთქებული ნავთობბაზა მოსკოვმა მოლაპარაკების ჩაშლის ან პროცესის შეფერხებისთვის გამოიყენოს. ამაზე მეტყველებს პუტინის პრესსპიკერის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი საუბრისათვის კომფორტულ გარემოს არ ქმნის.
ამიტომ, უკრაინის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა პოზიციები, მათ შორის შეთანხმებულ პუნქტებზე, შესაძლოა ყოველ წუთს შეცვალოს.

მოსკოვი მის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშში კიევს ადანაშაულებს, თუმცა კიევში აცახდებენ, რომ ის, რაც რუსეთში ხდება რუსეთის პასუხისმგებლობაა.

უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა გრძელდება. რუსეთის ფედერაცია პოზიციებს ჯერჯერობით, არც ჩერნიგოვის და არც კიევის ოლქებში ტოვებს.

ავიაიერიშის პარალელურად გრძელდება მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცესი. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, დღეს მხარეებმა ონლაინ რეჟიმი აირჩიეს. მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ფოტო გავრცელდა. ერთ-ერთი, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ, სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" ატვირთა და კომენტარი დატოვა, რომ მოსკოვის პოზიცია ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით უცვლელია. უკრაინული მხარე კი თვლის, რომ პოზიციები გაიმყარეს.

თავის მხრივ უკრაინა იმის გარანტორია, რომ უარს იტყვის ნატოზე და საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზებს არ განათავსებს. სანაცვლოდ, უსაფრთხოების სხვა სახის თავდაცვით გარანტიებს ითხოვს. მონიტორინგი გარანტორ ქვეყნებს ევალებათ. ამისთვის ოფიციალური ვაშინგტონი ჯერ მზად არ არის. ამერიკის და ევროპის გადაწყვეტილებას ელოდება პოლონეთი.

პოლონეთის თანხმობის იმედი აქვს უკრაინას. დმიტრო კულება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინამ შეთავაზება უკვე გააკეთა, ახლა კი მოსკოვის ჯერია.

კონსტრუქციული დიალოგის სურვილი არსებობს და პროცესი უნდა გაგრძელდეს - ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პასუხია.

შემდეგი კონტაქტი, ოღონდ უკვე უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების დონეზე, შესაძლოა თურქეთში გაიმართოს. ამის მზაობა უკვე გამოხატა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამავე საკითხზე პუტინს შუამავალი ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს ესაუბრა, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ მიუღია.

დღის ამბები