უკრაინა ახალი ძლიერი დარტყმისთვის ემზადება. რუსეთი მთელი ძალების მობილიზებას ახლა უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით ახდენს.
კიევი ამტკიცებს, რომ რუსეთი ბელარუსში მდებარე ბრესტის აეროპორტს აქტიურად იყენებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად.
მარტო დონეცკისა და ლუგანსკის ოქლებზე გასულ ღამეს 7 სხავდასხვა შეტევა განხორციელდა. რუსეთს, როგორც მინიმუმ ამ ორი ოლქის სრული ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურს.
ლოკალური წარმატებები აქვს უკრაინას ჩრდილოეთით. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 28 დასახლება გაათავისუფლეს. ყველა ადგილი, საიდანაც რუსები გადიან გაძარცვული, დარბეული და განადგურებულია. საკუთარ სამხედრო ტექნიკასთან ერთად რუსებს უკრაინიდან მიაქვთ ნაძარცვი მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები. ტერტორიების დიდი ნაწილი უკრაინელებს დანაღმული ხვდებათ.
კვლავ გრძელდება შეტაკებები ცალკეულ წერტილებში, დასავლეთი დაზვერვა კი აცხადებს რომ კიევის შტურმი დღის წესრიგიდან არ მოხნილა.
ადგილობრივები ნიკოლაევის ტაძრის სარდაფში, სადაც რუსულ ბომბებს ემალებიან, მშვიდობისთვის ლოცულობენ.
გადარჩენისთვის იბრძვის 10 წლის გოგოც. მამა ქვეყანას იცავს. ომის დაწყებიდან დღემდე კი, რუსულ ჭურვებს თავს ქალაქის ტაძარში დედასთან ერთად აფარებს. მთელ დროს სარდაფში ატარებს, დღის სინათლის დანახვა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ქალაქში საჰაერო იერიშის გამაფრთხილებელი ხმა ჩერდება.
რუსეთის ლიდერი თავდასხმებს არ წყვეტს და ზღვისპირა ქალაქ მარიუპოლს მიწასთან ასწორებს. ამჯერად რუსეთის სამიზნე უკრაინული სამხედრო შენაერთი "აზოვი" გახდა. მეთაურების ევაკუაციის პროცესში ჩამოგდებულია ორი თვითმფრინავი.
მარიუპოლის ნაწილზე ახლა კონტროლი რუსეთის არმიას აქვს დამყარებული. ბლოკირების პარალელურად, დღეს ქალაქიდან შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფანი ამუშავდა. მარიუპოლი ათობით ადამიანმა დატოვა.
შეტაკებების პარალელურად, აქტიურად გრძელდება ბლოკირებული წერტილების გათავისუფლება. ახლა უკრაინა აქტიურ შეტევით ეტაპზეა გადასული. მხოლოდ კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში მტრისგან გათავისუფლებულია 28 დასახლება.
უკრაინული მხარე კონტროლს იბრუნებს სუმის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილზეც. მტერმა ქალაქი ტროსტიანეცის დიდი ნაწილი თითქმის სრულად დაანგრია. ოკუპანტები მათ, ვინც, ქალაქი არ დატოვეს, სასტიკად ექცეოდნენ.
მძიმე მდგომარებაა ჩრდილო-აღმოსავლეთითაც. ხარკოვში რუსეთის თავდასხმებმა დაანგრია შენობები და ქუჩები. ქალაქში მტრის არმიის განადგურებული მანქანები, მათ შორის ტანკები და მძიმე არტილერიაა დარჩენილი.
ომის პარალელურად ძლიერი ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. რუსული მხარის მტკიცებით, ნავთობის საცავს უკრაინულმა მხარემ გამიზნულად შეუტია. ოფიციალური კიევი კი განმარტავს, რომ უკრაინა მხოლოდ თავდაცვის ოპერაციას აწარმოებს და პასუხისმგებლობას რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ კატასტროფაზე ვერ აიღებს.
ადამიანები მადლობას უხდიან და ბოლო გზაზე აცილებენ იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე საკუთარი სამშობლოს დაცვას შესწირეს.