ვინ არიან კანდიდატები, რატომ ირჩევენ წარმომადგენლებს ოლქები განმეორებით და რას აცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში - 1 დღე ბათუმსა და რუსთავში შუალედურ არჩევნებამდე. ზღვისპირა ქალაქში საკრებულოს, რუსთავში კი პარლამენტის დეპუტატს აირჩევენ. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე პარტიები მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ, ცესკო კი ყურადღებას ტექნოლოგიურ სიახლეებზე ამახვილებს.
"საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას აცხადებს იმის თაობაზე, რომ ჩვენ, მსგავსად გასული არჩევნებისა, ასევე მაღალ პროფესიულ დონეზე უზრუნველვყოთ არჩევნების ადმინისტრირება, რაც გამოხატული არის შესაბამისი კომისიის წევრების გადამზადებით, მასშტაბური ლოჯისტიკური სამუშაოების განხორციელებით. ბათუმში მონაწილეობას იღებს ორი სუბიექტი წარმოდგენილი შესაბამისი კანდიდატებით. რაც შეეხება რუსთავი-გარდაბნის შემთხვევას, ამ შემთხვევაში 3 საარჩევნო სუბიექტიც თავის მხრივ წარმოდგენილი შესაბამისი კანდიდატებით მიიღებენ მონაწილეობას," - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იმედოვნებს, რომ თითოეული ამომრჩეველი მოქალაქეობრივ ვალს მოიხდის.
"ამ 2 თვის განმავლობაში მომეცა შესაძლებლობა, რომ შევხვედრილიყავი რუსთავის და გარდაბნის ათი თემის სოფლების საზოგადოების წარმომადგენლებს, რამაც მომცა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო კარგად და ნათლად დამენახა ყველა ის საჭიროება, რაც ჩვენს - რუსთაველების რეალობაში დგას. შუალედური არჩევნები მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა როგორც წესი, მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, რომ თითოეული ამომრჩეველი თავის მოქალაქეობრივ ვალს მოიხდის და მივა არჩევნებზე," - ამბობს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი.