27 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
გიორგი ბახტაძე ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელ მიხეილ შალამბერიძესთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ენერგეტიკული თანამეგობრობის ახლადარჩეულ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის უმასპინძლა.

სამუშაო ხასიათის შეხვედრის მთავარი მიზანი ენერგეტიკის მიმართულებით ქართული კანონმდებლობის  ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ფარგლებში მიმდინარე საკითხების განხილვა  იყო. მათ შორის, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ე.წ. განცალკევებისა და გაზის ბირჟის განვითარების პროცესზე.  მხარეებმა იმ სამუშაოზე ისაუბრეს, რისი ჩატარებაც ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანადაა საჭირო და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობაც შეაფასეს.

ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელმძღვანელი  არტურ ლორკოვსკი, მოადგილესთან, დირკ ბუშესა და თანამეგობრობის წარმომადგენელ სვეტლანა კარპიშინასთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მუშაობის პრინციპს გაეცნო. კორპორაციის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას, პრეზენტაციაც წარუდგინეს, რომელიც ამ ორი უწყების საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

პრეზენტაციის ფარგლებში, დეტალურად იქნა მიმოხილული აქტიური თბოელექტროსადგურების - 230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბანისა და 250 მეგავატი სიმძლავრის გარდაბანი 2-ის მუშაობა და მათი შედეგიანობა. მიმდინარე პროექტებზე მსჯელობისას კი, სხვა საკითხებთან ერთად,საუბარი მიწისქვეშა გაზსაცავსა და გარდაბანი 3-ის მშენებლობას შეეხო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის მიმოხილვას. მხარეებმა გაზის ბირჟის  პერსპექტივებსა და მისი განვითარების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. სტუმრები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხებითა და საჭიროებებითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ორმხრივი, ნაყოფიერი ურთიერთობის აქტიურად გაგრძელების სურვილი და მზაობა.

ენერგეტიკული თანამეგობრობა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ინტეგრირებული ევროპული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის მიზნით, ევროკავშირის წევრებსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს აერთიანებს.  ორგანიზაცია 2005 წლის ოქტომბერში, ათენში დაარსდა და მის მთავარ ამოცანად ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული ბაზრის წესებისა და პრინციპების სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გავრცელება განისაზღვრა. გაერთიანება უზრუნველყოფს სტაბილური  საბაზრო ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რეგიონულ დონეზე კონკურენციის განვითარება, რეგიონში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად და ა.შ. თანამეგობრობას საქართველო 2017 წლის 1 ივლისიდან შეუერთდა.

გაერთიანების ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სხვადასხვა უწყებაში აქვს დაგეგმილი.

დღის ამბები