კიდევ ერთი დღე საომარ ვითარებაში - უკრაინაში ომის უკვე 37 დღეა. ცალკეულ ქალაქებზე იერიშები ისევ გრძელდება, ისმის განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმები.
უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს. თუმცა, როგორც უკრაინის მთავრობა იუწყება, რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს სადგური, წაიღეს ტექნიკა და სხვა ნივთები. ვრცელდება ცნობები, რომ მათ თან წაიყვანეს ნაციონალური გვარდიის წევრებიც და მძევლების გათავისუფლების მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
უკრაინის საზღვართან ახლოს, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულს სანქციებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და თან აღნიშნავს, რომ ის უპასუხოდ არ დარჩება.