"ფაიზერის" წარმოებული მედიკამენტი უკვე საქართველოშია. დაპირებული "პაქსლოვიდი" ქვეყანამ მიიღო. საქართველო იმ მცირე ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც ინფიცირებულ პაციენტებს ვირუსისგან მარტივად , გართულებების გარეშე მკურნალობის შესაძლებლობა ექნებათ. მედიკამენტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში რამდენიმე დღეში გადაანაწილებენ.
როგორია "პაქსლოვიდის" გამოყენების წესი? ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფი უკვე შეიკრიბა და მკურნალობის პროტოკოლი კომპანია "ფაიზერის" ჯგუფთან ერთად შეადგინა. ახალი მედიკამენტი ინფიცირებიდან პირველ 5 დღეში გამოყენება. სახლის პირობებში დასაშვებია ოჯახის ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
"პაციენტმა მედიკამენტი უნდა მიიღოს დღეში ორჯერ და ძალიან მარტივად არის გრაფიკულად აღწერილი თვითონ მედიკამენტის შეფუთვაზე, რომელი დოზა უნდა მიიღოს დილით და რომელი საღამოს. 3 აბი არის მისაღები ერთ ჯერზე," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
პრეპარატი იმ პაციენტებში ინიშნება, ვისაც მაღალი აქვს გართულების რისკი. 12 წლიდან ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დასაშვებია. ჩატარებული კვლევების მიხედვით, "პაქსლოვიდი" ინფიცირებულს დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან 89 %-ით იცავს.
"ომიკრონის" სტატისტიკის შემცირების გამო, სააკორდინაციო საბჭომ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. 28 მარტიდან ტრანსპორტისა და დახურული სივრცის გარდა პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. მთავარ მიზნად კვლავ მეტი ადამიანის ვაქცინაცია და იმუნიზაციის გეგმის შესრულება რჩება.