27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელ ვიონთან 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს მიშელ ვიონს შეხვდა. მხარეებმა 2023 წელს დაგეგმილ სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს, რომელიც ბაკურიანში უნდა გაიმართოს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა, მიშელ ვიონს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სათხილამურო და ზამთრის კურორტების განვითარება და მსოფლიო დონის შეჯიბრებებისთვის ქართველი სპორტსმენების მომზადება უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2021-2022 წლების ზამთრის სეზონზე ბაკურიანში ევროპის თასის ეტაპი გაიმართა პარალელურ გიგანტურ სლალომში. ჩემპიონატის სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიება მსოფლიო სტანდარტების დონეზე იყო ორგანიზებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ორგანიზებისთვის საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია. შეიქმნა გათოვლიანების ახალი სისტემა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სათხილამურო ტრასები, საბაგირო, შეიძინეს 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვენტარი და სპეციალიზირებული თოვლსატკეპნი ტექნიკა, რომლის ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონ ლარს შეადგენს.


2023 წელს დაგეგმილი ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის დაგეგმილია ხელოვნური ტბების აგება, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა და სათხილამურო ტრასებისა და შენობა-ნაგებობების მოწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 240 მილიონ ლარს შეადგენს.

დღის ამბები