27 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
მიუსაფარი ცხოველის პრობლემის მოგვარება სტერილიზაცია-კასტრაციის გზით - კანონპროექტი მერიამ პარლამენტს უკვე წარუდგინა

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერიას შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილი აქვს.

კახა კალაძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი გზით სტერილიზაცია-კასტრაციის გზით.

"თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ცხოველთა მონიტორინგის უშუალო ჩართულობით, პარლამენტში ახალ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის, შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში არა მხოლოდ დედაქალაქში არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით დაარეგულირებს ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას.

თბილისში დიდი პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით და სჭირდება, რა თქმა უნდა მოწესრიგება. ამ პრობლემების შინაარსს რომ გადავხედოთ, ეს არის ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება, მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და ორთაბრძოლები,  რაც კატეგორიულად მიუღებელია, ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებებისა გავრცელების პრევენცია, ცხოველების მოვლა პატრონობის წესები და სხვა.

კანონპროექტით იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ  მუნიციპალიტეტებში ეფექტურად გადაიჭრას ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები.  ასევე კანონპროექტის მიზანი არის, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა შემცირდეს, ჰუმანური მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი გზით სტერილიზაცია-კასტრაციის გზით.

თბილისი მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ამ მიმართულებით ეფექტურად მუშაობს, გასული წლის განმავლობაში ამ სამსახურმა 6000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა ამ საკითხის ცენტრალურად გადაწყვეტა. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება.

დღეს არსებული მდგომარეობით არ არსებობს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთიანი ბაზის შექმნას სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად გაანახლებს მონაცემებს აღნიშნული მექანიზმით," - აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები