პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - საქართველოში ვირუსის 26 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი შემთხვევების თითქმის 99 პროცენტი უკვე ომიკრონის შტამია. ეპიდემიოლოგები ვირუსის პიკს 2 კვირაში ელოდებიან. სპეციალისტების თქმით, თებერვლის მეორე ნახევრიდან, მდგომარეობის დასტაბილურება დაიწყება.
რაც შეეხება კლინიკებს, იქ პაციენტების რიცხვი არ იზრდება და მათი საერთო რაოდენობა არის 5500-მდე, რაც პანდემიის მიმდინარეობისას მართვის პროცესს აადვილებს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის 15%-ს შეადგენს.
"7-10 დღის განმავლობაში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება შემთხვევების კლება. ძალიან ხანმოკლეა ომიკრონით გამოწვეული მთლიანი ტალღა - აღმავალი მრუდი პიკი და შემდეგ შემცირება, ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველი 10 დღე ან კვირა იქნება გამონაკლისი და იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
სავარაუდოდ, ომიკრონი საქართველოში დომინანტური ვირუსია და ყველა შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს როგორც ომიკრონით განპირობებული. 15% არის ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი. 10 ათასი ინფიცირებულის შემთხვევაში, საქართველოში ნიშნავს რომ 1500 ბავშვია ყოველდღე ინფიცირებული. როცა ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში," - ამბობს ივანე ჩხაიძე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონს მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, ის მაინც საყურადღებოა.
"მთლად ასე მარტივად არ ღირს რომ შევხედოთ, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება გართულებები, აღინიშნება ლეტალური გამოსავლებიც. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ განსაკუთრებით იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც არ არიან ვაქცინირებულები და აქვთ ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკები,“ - ამბობს ოთარ ჩოკოშვილი.