ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, დღეს ღაზაში 26 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ეს გასული კვირის განმავლობაში გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, ყველაზე მასშტაბური მსხვერპლია.
გამთენიისას ისრაელმა ღაზაში "ჰამასის" ლიდერის და მისი ძმის სახლებიც დაბომბა. წერტილოვანი დარტყმები ამ წუთებშიც გრძელდება. ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გადარჩენას პალესტინელი მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკების დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 174 ადამიანი, მათ შორის 47 არასრულწლოვანი და 29 ქალი. დაშავებულია 1200-ზე მეტი.
შეტევები გრძელდება ისრაელზეც. ოფიციალური წყაროების ცნობით, 24 საათის განმავლობაში "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 10-მა ადამიანმა. მათ შეტევის დროს ბუნკერისთვის თავის შეფარება ვერ მოახერხეს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს დღეს დაახლოებით ერთ საათში გაეროს საგანგებო სხდომაზე განიხილავენ. ამავე საკითხზე 18 მაისს ისაუბრებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციაზე.
"ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული ესკალაციის ფონზე, სამშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ჩვენ კოორდინაციას გავუწევთ და განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის მოგვარებაში თავისი როლი შეასრულოს ევროკავშირმა," - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ.