28 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
საომარი მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში - ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება

ისრაელში, დაახლოებით, ასი ათასამდე ე.წ. ქართველი ებრაელი ცხოვრობს, თუმცა მათგან საქართველოს მოქალაქეობა, დაახლოებით, 20 ათასს აქვს. მათ შორის არიან ექიმები და სამხედროები, რომლებიც უკვე უშუალოდ არიან ჩართული პროცესებში.

ავთანდილ ნემსაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ცეცხლის გახსნის დღიდან კონფლიქტის ეპიცენტრში იმყოფება. 19 წლის მამაკაცი უწყვეტი შეტაკების წერტილში სხვა სამხედროებთან ერთად ისრაელს იცავს. ეთნიკურად ქართველი, სამხედრო სამსახურში თითქმის 1 წლის წინ გაიწვიეს. 

ვითარება მძიმეა არასაომარ ქალაქებშიც. ერთ-ერთი ასეთია ქალაქი ლოდიც, სადაც ისედაც რთულ მდგომარეობას არაბი და ებრაელი ხალხის დაპირისპირება კიდევ უფრო ამწვავებს. ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობაც. მხოლოდ ლოდში და მხოლოდ ერთ ღამეში დაშავდა ათობით ადამიანი. ქვის სროლის შედეგად მიყენებული თავის ქალის ძლიერი დაზიანებით კლინიკაში მოხვდა ფეხმძიმე ქალიც. ქალაქში არსებულ მძიმე სურათზე "კურიერთან" ადგილობრივი ქართველები საუბრობენ.

ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმდება ქალაქ ბათიამიშიც. ადგილობრივებს თითქმის ერთი კვირაა ცხოვრება მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ. აქ სახლიდან ღამით გასვლა დაბომბვის გამოა საშიში, დღის პერიოდში გასვლის შემთხვევაში კი, უნდა გაგიმართლოს, რომ მოროდიორებს არ შეხვდე. აგრესიული ჯგუფები ქალაქში ლეწავენ მაღაზიებს, წვავენ მანქანებსა და ანადგურებენ ინფრასტრუქტურას.

ლოდი, ბათიამი, აკო და ხაიფა - ისრაელში საქართველოს საელჩო ომისგან გამოწვეულ ყველაზე რთულ სიტუაციაში მყოფ ქალაქებს ასახელებს. დიპლომატი საქართველოდან, ქუჩებში არსებული არეულობისა და დაპირისპირების ეპიცენტრებში მცხოვრებ ქართველებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

კრიზისის გამწვავების ფონზე, ადგილობრივებს კიდევ უფრო მეტრი სიფრთხილის გამოჩენა უწევთ. საქართველო ომში ჩართული მხარეების ტერიტორიაზე ქართველების მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში სწავლობს. ბოლო ინფორმაციით ქვეყანა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის არ გეგმავს. აუცილებლობის შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მზაობას გამოთქვამს მიიღოს სამშობლოში მათი დაბრუნების გადაწყვეტილება.

არაოფიციალური ინფორმაციით ისრაელში საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს. ომისა და ქალაქში მიმდინარე არეული სიტუაციისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. მიღებული მსუბუქი დაზიანების მკურნალობის შემდეგ პაციენტმა კლინიკა რამდენიმე საათში დატოვა.

დღის ამბები