28 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ქართველი სტარტაპერების შექმნილი "პულსარის" პროგრამა ასეულობით ადამიანის შრომას ანაცვლებს? - პასუხი არის ხელოვნური ინტელექტი

განუსაზღვრელი რაოდენობის პასუხი განუსაზღვრელი რაოდენობის მომხმარებლის კითხვაზე 24 საათის განმავლობაში - როგორ ანაცვლებს ქართველი სტარტაპერების შექმნილი "პულსარის" პროგრამა ასეულობით ადამიანის შრომას? - პასუხი არის ხელოვნური ინტელექტი. სწორედ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდეაზე დაყრდნობით შემუშავდა ტექნოლოგია, რომელიც ამ შემთხვევაში ავტომობილების დილერებს აძლევს საშუალებას ავტომატური დიალოგის რეჟიმში მოიზიდონ მეტი კლიენტი, დაზოგონ დრო, ფინანსები და საბოლოოდ მეტი მოგება მიიღონ.

კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე მორგებული იდეა მოკლე დროში იქცა წარმატებულ ბიზნესად. "პულსარმა" ამერიკულ ბაზარზე ნახევარ წელიწადში 70-ზე მეტი ავტომობილების დილერი კომპანია დააინტერესა და ყველა მათგანი ახლა ქართველი ინოვატორების სერვისის მომხმარებელია. ყველაზე მსხვილი და სარფიანი გარიგება ორიოდე დღის წინ გაფორმდა. "პულსარი" ავტომობილების ციფრული გაყიდვების გლობალურმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა. ეს ფაქტი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების მიღწევებს შორის ყველაზე დიდ წარმატებად ფასდება.

ამერიკული კომპანია SpinCar-ი ქართველების შექმნილ ტექნოლოგიას ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის დილერებთან გამოიყენებს, რაც მათი პროგნოზით ონლაინ გაყიდვებს გაამარტივებს და დროში დააჩქარებს. სწორედ ამიტომ "პულსარს" Spincar-ი მნიშვნელოვან შენაძენად და ზრდის სტრატეგიის მთავარ კომპონენტად განიხილავს.

ამერიკულ კომპანიასთან შეთანხმების მიღწევა "პულსარის" გუნდის წევრებს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს. ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს გამოიყენოს წარმატებული პროექტის მონაწილეების შეხედულებები და რჩევები სამომავლოდ, იმისთვის, რომ სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამა განავითაროს.

"პულსარი" ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მხარდაჭერა "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან" მიიღო. გუნდმა ჯერ 5 000 ლარიანი, შემდეგ 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. 2020 წელს კი პროექტმა 650 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა. გარდა ამისა, კომპანიამ, "სილიკონის ველზე" $1.2M ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური განვითარებით. ამ დროისთვის "პულსარის" ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. ქართული სტარტაპი მილიარდიანი ღირებულებისკენ სვლას ამერიკულ SpinCar-თან ერთად გააგრძელებს.

დღის ამბები