28 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
პრინციპულად არ ვეთანხმებით ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს - 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პრინციპულად არ ეთანხმებიან როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

 "ჩვენ, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები პრინციპულად არ ვეთანხმებით და ვგმობთ  როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. 

ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამას ვპროგნოზირებდით კიდევაც, რომ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ხელმოწერის შემდგომ, რომლის პირველი პუნქტი გულისხმობდა "19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე და დაკავებაზე ამნისტიას" "ქართული ოცნება" გამოიყენებდა  შანსს და შეეცდებოდა ამნისტიის კანონპროექტით სამართლებრივი-პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სადამსჯელო ოპერაციაზე, რომლის ფარგლებში ჩვენ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა გარდა უფლებრივი დარღვევებისა, მივიღეთ მძიმე ფიზიკური ზიანი. აქედან გამომდინარე ჩვენთვის გასაკვირი არ იყო ოცნების მიერ კანონპროექტის ამ ტექსტით მიღება, რომელიც ამნისტიას ახებს 20 ივნისის ყველა ჯალათსა და უკანონო ბრძანების გამცემ საჯარო მოხელეებს. 

რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტს შეიძლება ითქვას, რომ ეს ინიციატივა მათი მხრიდან არის მორალური სახის შენარჩუნების ფუჭი პოლიტიკური მცდელობა, რომელიც ვერც სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. კერძოდ:
1) მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯარო ბოდიშიც კი მოიხადეს  დაზარალებულების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ამნისტიის საკითხზე შეთანხმების გამო, კანონპროექტის მომზადების პროცესშიც კი არ ჩართეს დაზარალებულები, რაც კიდევ ერთი არაეთიკური და პრაგმატულად გაუმართლებელი  ქმედებაა მათი მხრიდან. ამ ქმედებით მათ გააგრძელეს ჩვენი შელახული უფლებების ბედის კულისებში გადაწყვეტა ჩვენგან ყოველგვარი კოორდინაციისა და შეთანხმების გარეშე. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამნისტიის დოკუმენტი    სტანდარტულად გულისხმობს დაზარალებული მხარის თანხმობის საჭიროებას,ხოლო 20 ივნისს დანაშაულის მსხვერპლს და მონაწილე მხარეს სწორედ მშვიდობიანი დემონსტრანტები წარმოვადგენთ და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.  
2) ამ კანონპროექტით ცალსახად ხდება სამი სამართალდამცავის ამნისტია, რომელთაგან ერთ-ერთი პროკურატურის ვერსიით ბრალდებული  იყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, კერძოდ მოქალაქეებისთვის დამიზნებით სროლის ფაქტზე. ჯალათი პოლიციელის ხელაღებით ამნისტია, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სხვა მძიმე დაზიანებების ( მხედველობის დაკარგვა და ა.შ.) ამსრულებელი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. 
3) კანონპროექტი ამტკიცებს რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან ბრძანების გამცემი პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუმცა სრულიად ცხადი და დასაბუთებული ეჭვი არსებობს, რომ რეალური პასუხისმგებლობა იმ პირებსაც მიემართება, რომლებიც არ იკავებდნენ  პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდნენ (ბიძინა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე).
4)  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაშავებულ მშვიდობიან დემონსტრანტთა უმრავლესობას დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი და შესაბამისად არც ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიები გააჩნიათ.  აღნიშნული რედაქციით ამნისტიის მიღება ფაქტიურად გამოიწვევს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას, რაც შეუძლებელს გახდის მოცემულ საქმეებზე პირთა დაზარალებულად ცნობასა და მტკიცებულებებზე წვდომას,  რაც თავის მხრივ უნდა გამხდარიყო  საფუძველი დავების როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში.

20 ივნისს დაზარალებულთა ჯგუფი მოვუწოდებთ მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და არ მოუსპონ დაზარალებულებს შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება," - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

მაკო გომური 
გიორგი სულაშვილი 
კობა ლეთოდიანი 
ირაკლი ხვადაგიანი 
ირაკლი ფავლენიშვილი 
ვახტანგ ბერიკაშვილი 
გელა ჭიღლაძე
ზაზა მღებრიშვილი
გიორგი ბულესკირია
ლუკა პეტრიაშვილი
დავით ხვადაგიანი

დღის ამბები