28 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი პირველ ვეტოს - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონი, შესაძლოა, ვეღარ გამკაცრდეს

გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი კანონის დაბლოკვის უფლებას - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვს.

დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. საუბრის დეტალები უცნობი დარჩა, თუმცა მთავარი, რაშიც ოპოზიციონერები პრეზიდენტის დარწმუნებას ცდილობდნენ, ვეტოს უფლების გამოყენება იყო. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ვერ აკონკრეტებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, პოზიტიურად უყურებენ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ცვლილებების მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებით დაინტერესდა.

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები იმასაც აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას შარლ მიშელის დოკუმენტზე, ზაზა გახელაძის პატიმრობასა და ამნისტიის კანონპროექტებზეც იმსჯელეს. 

მმართველ პარტიაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი კონსტიტუციის შესაბამისია. 

პრეზიდენტს კანონზე ხელმოწერისთვის ვადა კიდევ ერთი კვირა აქვს. სწორედ მომავალ ხუთშაბათამდე უნდა გაირკვეს, დარჩება ძალაში ახალი კანონი თუ სალომე ზურაბიშვილი მის პირველ ვეტოს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებები გასულ კვირას, 75-ხმით მიიღეს. ახალი ჩანაწერით, ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს სასამართლოს. ასევე, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა განმეორებით 1500 - 2000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დან 15 დღემდე ვადით. 

დღის ამბები