28 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ვის შეეხება ამნისტია და ვინ დატოვებს ციხეს - კითხვაზე პასუხი იმ კანონმა უნდა გასცეს, რომელსაც პარლამენტი მიიღებს

ვის შეეხება ამნისტია და ვინ დატოვებს ციხეს - კითხვაზე პასუხი იმ კანონმა უნდა გასცეს, რომელსაც პარლამენტი მიიღებს. ამ მოცემულობით, კანონმდებლებმა არჩევანი 2 ვერსიას შორის უნდა გააკეთონ. 2019 წლის ივნისის მოვლენებს განსხვავებულად რომ უყურებენ პოლიტიკური ოპონენტები, ამას ამნისტიის ორი სხვადასხვა კანონპროექტის არსებობაც ადასტურებს.

ოპოზიციამ ახალი კანონპროექტი მას შემდეგ დაარეგისტრირა, რაც "ქართული ოცნების" ვერსია დაიწუნა. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის პრინციპულია, რომ პოლიციელებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით მოეხსნათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამნისტია არც სრულმასშტაბიანი იყოს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ შეეხოთ.

ამნისტიის თემაზე განხილვების დაწყებას ელოდებიან პარლამენტში ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც არც ერთი პროექტის ავტორები არ არიან. მათ მხარდაჭერას ის ვერსია მიიღებს, რომელიც, მათივე განმარტებით, მხარეებს შეარიგებს.

ციხის კარი უნდა გაიღოს - ეს უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო ასპარეზზეც და ლოკალურ დონეზეც. პოლიტიკური ოპონენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამნისტია არ შეეხება კონვენციით დაცულ მუხლებს. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის კანონპროექტს არ ეთანხმება. "ოცნებისთვის" მიუღებელია დაზარალებულების დაყოფა.

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერები დროში ჩაეტივნენ - ხელმოწერიდან ერთ კვირაში ამნისტიის ორი კანონპროექტი ინიცირებულია. ოპოზიციის ვერსია წერილობით უკვე გასაჯაროვდა, მმართველი გუნდის წერილობითი პროექტი საჯარო სავარაუდოდ მომავალ კვირას გახდება. მომავალი კვირიდან დაიწყება საკანონდებლო მსჯელობაც. შესაძლებელია, რომ ოპონენტების პოზიციები შეჯერდეს და განხილვა ერთ პროექტზე გაგრძელდეს.

დღის ამბები