29 აპრილს მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსეი ნავალნის აპელაცია ცილისწამებასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე და შეუნარჩუნა 850 ათას რუბლიანი ჯარიმა, რომელიც მას ვეტერან იგნატ არტემენკოს საჩივრის საფუძველზე დააკისრეს. სასამართლო სხდომაზე ციხიდან ონლაინრეჟიმში ჩაერთო თავად ალექსეი ნავალნი, რომელსაც წონაში მკვეთრად აქვს დაკლებული. ადვოკატის განცხადებით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 22 კილოგრამი დაიკლო მას შემდეგ რაც ის გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა.
გერმანიაში ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ გადიოდა მკურნალობას და გარკვეული პერიოდი კომაშიც იყო. რუსეთში დაბრუნებისას ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და "ივ როშეს" საქმეზე პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალეს. მარტის ბოლოს პატიმარმა ნავალნიმ ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ განაცხადა და დამოუკიდებელი ექიმის მიერ გასინჯვის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, რომელიც 3 კვირის შემდეგ, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების გამო შეწყვიტა.
დღეს ნავალნისა და მისი თანამოაზრეების ივან ჟდანოვისა და ლეონიდ ვოლკოვის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს, რომელიც ეხება "არაკომერციული ორგანიზაციის შექმნას, რომელიც ხელყოფს მოქალაქეების პიროვნულობასა და უფლებებს". ლეონიდ ვოლკოვმა ასევე განაცხადა, რომ იხურება ნავალნის შტაბების ქსელი, რადგან შესაძლოა ამ სტრუქტურის შენარჩუნებისთვის საქმე ექსტრემიზმის მუხლით აღიძრას.
ალექსეი ნავალნი და მისი მხარდამჭერები ოპოზიცონერის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში, ისევე როგორც "ნოვიჩოკით" მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის რეჟიმს ადანაშაულებენ.