28 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ჩვენი სურვილია, როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ასევე, მეტროს დაემატოს რესურსი - ჯანდაცვის მინისტრი

ვაქცინაცია, პანდემია, დაწესებული შეზღუდვები, წამლების ფასები - ეს არის თემები, რომლებზეც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს პარლამენტში კითხვები დაისვა. ხვალ საქართველოში 100 000  დოზა "სინოვაკი" ჩამოდის. მაისის ბოლომდე კი ქვეყანა "სინოფარმის" 100 000  და "ასტრაზენეკას" 86 000 დოზას მიიღებს.

ასევე, იქნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხს შეისწავლის. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოსთან მოლაპარაკების სურვილი ვაქცინების მოწოდების თაობაზე "ჯონსონის" მწარმოებელმა კომპანიამაც გამოთქვა.

კითხვა დაისვა კოჯრის პანსიონატში არსებულ ვითარებაზეც, რომელზეც "კურიერში" ექსკლუზიური რეპორტაჟი გავიდა და სადაც საუბარი იყო ძალადობის სავარაუდო შემთხვევებზე.

"სააგენტოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, თუმცა, კვალიფიკაცია არის სავარაუდო, შესაძლო ძალადობა. დირექტორი და კონკრეტული თანამშრომლები აარიდეს ამ ბავშვთა სახლს და დანიშნულია დროებითი მმართველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერად ეცნობა ეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ მათთან.

"პარალელურ რეჟიმში, იცით, რომ ჩვენი პრიორიტეტია, მცირე ბავშთა სახლების დაარსებას შევუწყოთ ხელი და, ამ ეტაპისთვის, სწორედ კოჯრის ბავშვთა სახლში დავიწყეთ ეს პროცესი, რომ გავაუმჯობესოთ ბავშვების პირობები,"- აღნიშნა მინისტრმა. 

მინისტრმა არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ლოკდაუნის საჭიროებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი და მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, ლოკდაუნის საჭიროება არ იქნება. 

"ჩვენი სურვილი არ არის, რომ ლოკდაუნი იყოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის და კერძო სექტორის ინტენსიური ჩართულობა. თუ კერძო სექტორისგან ამ რეგულაციებზე დამყოლობა იქნება გაზრდილი და ჩვენი მოქალაქეები არ შეეცდებიან რეგულაციების გვერდის ავლით გამართონ სოციალური ღონისძიებები, ჩვენ გვექნება გაცილებით უკეთესი გამოსავლები.

დღესდღეობით, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ იმის გარანტია, რომ ისინი უწყვეტად მიიღებენ 350 000 დოზას "სინოფარმის" ვაქცინას, მილიონ დოზას "ფაიზერის" ვაქცინას და, ასევე, 100 000-მდე დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას.

ნამდვილად მივიჩნევთ და ვაფიქსირებთ, რომ ტრანსპორტი არის გადატვირთული, ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დაემატოს როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ასევე, მეტროს შესაძლო რესურსი, რომ ეს დატვირთულობა აღარ იყოს.

ამ ეტაპზე, კომენდანტის საათის თუნდაც ერთი საათით წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს,"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

დღის ამბები