28 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება.

ჯერჯერობით ლიეტუვის ელჩის რეზიდენციასთან გამოჩნდნენ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის"ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის წევრისა და პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ლიეტუვის მინისტრთან შეხვედრა არის შესაძლებლობა, რომ მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის ხედვები გააცნონ.

"ვერ გეტყვით კონკრეტულად ბატონ მინისტრს რა კითხვები ექნება, ამაზე წინასწარ ძნელია, რა თქმა უნდა, საუბარი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს გავაცნოთ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელშიც ვართ ჯერ კიდევ, მიუხედავად შეთანხმებისა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოსთვის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კონკრეტული გზავნილები არ გააჩნია, თუმცა აინტერესებს მისი ხედვა, თუ როგორ უყურებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შექმნილ ვითარებას და მათ შორის გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი საკითხი, რაზეც პარტია ისაუბრებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ნიკა მელიას საკითხი იქნება.

"პირველ რიგში, ეს იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულება, ნიკა არის კვლავ საპყრობილეში, გარდა ამისა, იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ განიმუხტა, არც ჩანს არავითარი პერსპექტივა არეალზე, რომ განიმუხტება და გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები