28 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" არ აქვს ინტერესი ზეწოლა მოახდინოს ადამიანებზე, რომელთაც პარტიაც არ აქვთ - არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიას გუნდზე

"გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს?" - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერში" სტუმრობისას გიორგი ხოჯევანიშვილს პასუხობს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მხოლოდ ზოგადი განცხადებებით საკითხის გარკვევა შეუძლებელია. ის არ იცნობს იმ ფაქტებს, რაზეც ხოჯევანიშვილი საუბრობს, თუმცა საკითხით უკვე დაინტერესდა.

პარლამენტის ვიცესპიკერის განმარტებით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს არანაირი ინტერესი, და სტანდარტი, რომ რაიმე ტიპის ზეწოლა მოახდინოს ადამიანებზე.

"ეს კითხვა უნდა დაუსვათ ზუსტად მას, რადგან ეს განცხადება გააკეთა, რომ წარსულში რამე არის ნაცადი, სავარაუდოდ შეიძლება ჰქონდეს მას ამაზე ინფორმაცია, ან თვითონ ჰქონდეს რაღაც სათქმელი კონკრეტული.

მე ამ საკითხით დღეს უკვე დავინტერესდი, როდესაც მოვისმინე. მაგრამ მე არ ვარ ნეიტრალური დამკვირვებელი, რომ ამ პროცესში მხოლოდ დავინტერესდე. მე ვალდებული ვარ პასუხიც გავცე ამას და პირდაპირ გეუბნებით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს არანაირი ინტერესი, მოტივაცია და არც მორალური, თუ საკანონმდებლო სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის ზეწოლა მოახდინოს ადამიანებზე, რომელთაც არც პარტია აქვთ ჯერჯერობით და არც არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი. მე იმასაც გეტყვით, რომ ისინი არ იქნებიან ჩვენი მთავარი კონკურენტები," - აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდში პორტირებული, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილმა, დღეს სასესიო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს. 

"აუცილებლად უნდა შევეხო გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, რომ ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღის ამბები