საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს. სპეცოპერაცია ჩატარდა ასევე ლიონის მახლობლად.
სულ დაკავებულია შვიდი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერორიზმის დაფინანსებაში.
მათი ასაკი 28-დან 48 წლამდე მერყეობს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია საფრანგეთის სამართალდამცავ სისტემაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, დაკავებულებიდან ექვსი რუსეთში დაიბადა, მეშვიდე კი საქართველოდან არის.
DW-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ყველა ბრალდებულს კავშირი აქვს ჩეჩნურ თემთან.
გაზეთი Dernières nouvelles d"Alsace წერს, რომ დაპატიმრებები მოხდა სტრასბურგში, ისევე როგორც ლიონის დასავლეთით. იმავე დღეს დანიაში ექვსი ადამიანი დააკავეს ტერორისტული საქმიანობის ეჭვის გამო.
ცნობისთვის: ბოლო წლებში საფრანგეთი არაერთხელ გახდა ტერორისტების სამიზნე. უკანასკნელი თავდასხმა მოხდა 23 აპრილს, პარიზის მახლობლად რამბუაში, სადაც სავარაუდო ისლამისტმა - 36 წლის ტუნისელმა მამაკაცმა დაჭრა 49 წლის პოლიციელი, რომელიც სადილის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში შედიოდა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.