პატარა გოგონა ტიკ-ტოკის მაისურით, ხელში ჰეროინით და ცუდი დავალებით, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, მშობლებმა მისცეს - ფაქტის ამსახველი კადრები გამოძიების ეტაპზეა გადაღებული, როდესაც რეალიზატორების გასაშიფრად ნარკოტიკს პოლიციელები ყიდულობდნენ.
50 წლის მამაკაცი, რომელიც დაკავების ოპერაციის დროს კამერის გამოჩენას ღიმილით შეხვდა, ბრალდების მიხედვით, სქემის სათავეშია. როგორი იყო ჯგუფის სამოქმედო გეგმა - დეტალები დაკავების შემდეგ შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს.
მცირეწლოვნის უფლებების დაცვის მიზნით, საქმეში ჩართული არიან სოციალური სამსახურები. რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის სისტემატურად რეალიზების ბრალდებით დაკავებულ სამ პირს, მათ 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.