28 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
საქართველოში ბრიტანული შტამის შემთხვევებს ვეღარ ითვლიან, იზრდება რეინფიცირების მაჩვენებელიც - მესამე ტალღა, შესაძლოა, დაჩქარდეს

ვირუსის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. დადებითობის მაჩვენებელი - ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს ჩატარებული ტესტირების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას, 4,03 %-ია. სპეციალისტებს ეს მონაცემები გასული წლის ოქტომბერს ახსენებს. ამასთან, იმ ფონზე, როდესაც ვირუსის ახალი შტამები ცირკულირებს ქვეყანაში, შესაძლებელია, მესამე ტალღის პიკი დაჩქარდეს.

ვირუსის თავისებურებიდან და გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, ე.წ. ბრიტანული შტამი, სავარაუდოდ, 2 თვის პერიოდში მთლიანად ჩაანაცვლებს ვირუსის ძველ ვარიანტს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფექციის ასეთი შემთხვევების რაოდენობას ვეღარ ითვლის. იზრდება რეინფიცირების ფაქტებიც. ლუგარის ლაბორატორია ვირუსის განმეორებით გამოვლენილ შემთხვევათა სტატისტიკას აღარ ასაჯაროებს.

პირდაპირი რისკი არა, თუმცა საფრთხეა ე .წ. ინდური შტამიც, გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე. ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საშიში ვირუსის გავრცელების შემთხვევაში არც კლინიკების გადატვირთვაა გამორიცხული.

საქართველომ პირველადი პრევენციული ღინისძიებები უკვე მიიღო.

ყველანაირი სცენარისთვის უკვე მზად არის ჯანდაცვის სამინისტრო. ქვეყნის მასშტაბით 10 მაისამდე 6000  საწოლი იქნება მობილიზებული. იმისთვის, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს შესაფერისი სამედიცინო მომსახურება, დაემატა კოვიდსასტუროებიც. ამასთან, ხვალ 1 მლნ ანტიგენის ტესტიც შემოვა საქართველოში.

პანდემიიდან 9 თვის თავზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსის დასრულების მთავარი ინდიკატორი ვაქცინაციაა, რომელიც წერტილს დაუსვამს პანდემიას. საქართველოში ვაქცინის მსურველთა რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა. ხვალ იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს და არ არის გამორიცხული, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ფანჯარა სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვისაც გაიხსნას.

დღის ამბები