28 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ძალადობა წვევამდელებზე - რატომ მოიკლა თავი საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა

მოსამართლე რომან ხორავამ შსს-ს ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ საქმეში სახელმწიფო ბრალდებას მტკიცებულებების სახით  ფოტოებიც აქვს. მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობს დაცვის მხარეც. თუმცა, მანამდე დიმიტრი დევდარიანისა და გიორგი ბიჩინაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა, რომ წვევამდელების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეში მესამე პირიც ფიგურირებდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი გამოკითხვა მხოლოდ ერთხელ მოესწრო.

ვინ აშანტაჟებდა გარდაცვალებამდე მერაბ ბარბაქაძეს, ამ ეტაპზე უცნობია. მისი ოჯახის წევრები "კურიერს" უყვებიან, რომ თვითმკვლელობის დღეს ბარბაქაძეს მათთვის უცნობმა პირმა დაურეკა. ისინი  გარდაცვლილის  წვევამდელთა საქმეში თანამონაწილეობას გამორიცხავენ. ახლა კი იმის გარკვევას ცდილობენ, ვინ ემუქრებოდა ბარბაქაძეს სუიციდამდე.

შსს-ს ორ თანამშრომელს ბრალი წვევამდელთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობისთვის აქვთ წარდგენილი. დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩინაშვილი, რომლებიც იაღლუჯას ბაზაზე მუშაობდნენ, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ძალოვანი უწყების თანამშრომლებს გამოძიება წვემამდელებზე ძალადობას ედავება. ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, წინასასამართლო სხდომა 8 ივნისს გაიმართება, სადაც მხარეების მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები