28 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ვის უნდა შეეხოს ამნისტია - კანონპროექტზე სამსჯელოდ ოპოზიცია და მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვერსიის დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ პარტიების აქტი 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეს უნდა შეეხოს.

დოკუმენტში კონკრეტული მუხლები, სავარაუდოდ, განსაზღვრული არ იქნება. ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტი საყოველთაო ამნისტიის კანონს მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის და საპატიმროს დატოვებს.

მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებთან კონსულტაციებისთვის ემზადება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამნისტია შეთანხმების დოკუმენტში გაწერილი პირობებით გამოცხადდება და საჭიროდ არ მიიჩნევენ დოკუმენტში  დაზარალებულის თანხმობის პირობა ჩაიწეროს.

20 ივნისს დაზარალებულების ინტერესების დაცვის მეტ გარანტიაზე საუბრობს ოპოზიცია. "ლელოში" ამბობენ, რომ თუ ამნისტია მძიმე დანაშაულებებს შეეხება და დოკუმენტში არ იქნება გაწერილი დაზარალებულის თანხმობის აუცილებლობა, პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პოლიტიკოსს "გირჩის" წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ გირაო გადაიხადოს. იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ თუ ნიკა მელია ამნისტიაზე უარს აცხადებს, მაშინ პარლამენტმა პროექტი არ უნდა დაამტკიცოს. მმართველი გუნდი კი დოკუმენტში შეთანხმებული პუნქტების უპირობო შესრულებას გეგმავს.

თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას - ასეთია თბილისის მერის პოზიცია. კახი კალაძემ დღეს ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციების შესაჯერებლად ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთი მაგიდის ირგვლივ უახლოეს დღეებში შეიკრიბება. მას შემდეგ, რაც დეტალები დაზუსტდება, ეს იქნება პირველი დოკუმენტი, რომლითაც პარლამენტის წევრები 6 თვიან ბოიკოტს დაარღვევენ და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დაიწყებენ. პროექტი კანონად დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა იქცეს.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე სამსჯელოდ ოპოზიცია და მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან.

დღის ამბები