28 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ბავშვებზე ძალადობის უმძიმესი ფაქტები - მამაკაცს, რომელიც ნათესავ ბავშვებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

"ბავშვები გარეთ თამაშობენ, მე დებილივით ვარ და სალფეტკებს ვყიდი" - ეს სიტყვები არასრულწლოვან გოგონას ეკუთვნის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში მოზარდი ბიძას სთხოვს, მას ამ ფორმით მუშაობა არ აიძულოს და თანატოლებთან თამაშის უფლება მისცეს.

ბიძის პასუხი მძიმე მოსასმენია - უცენზურო სიტყვები და გინება 45 წლის მამაკაცის მხრიდან არასრულწლოვანი და-ძმის მიმართ ერთადერთი სადამსჯელო ღონისძიება არ არის. გამოძიების ინფორმაციით, მოძალადე ბავშვებს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, ფარულ ჩანაწერში კარგად ისმის, როგორ სთხოვს ერთ-ერთი მოზარდი მას, რომ ცემა შეწყვიტოს.

სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვნებს ბიძა სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე დილიდან უშვებდა და ბავშვები გამომუშავებული თანხით სახლში გვიან ბრუნდებოდნენ.

საავტომობილო გზებზე მუშაობის შემდეგ არასრულწლოვნებს სახლშიც უკიდურესაც მძიმე მდგომარეობა ხვდებოდათ, ისინი სავარაუდო მოძალადე ბიძასთან ერთად მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობდნენ. არც ერთი მათგანი სკოლაში არ დადის.

იცოდა თუ არა ბავშვების დედამ, რომ მის შვილებზე სიძე ძალადობდა, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. დღეს ის და  ოჯახის სხვა წევრები ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, სახლიდან ქვებს და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ.

ერთადერთი, ვინც კამერებთან საუბარი შეძლო, დაკავებული მამაკაცის ყოფილი მეუღლეა. ქალბატონი სიტყვიერ შეურაცხყოფას ადასტურებს, თუმცა გამორიცხავს, რომ ბრალდებული, მისი ყოფილი მეუღლე არასრულწლოვნებზე ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მეტიც, ამბობს, რომ ბავშვები ძნელად აღსაზრდელები არიან.

არასრულწლოვნები ახლა ოჯახს განრიდებულები არიან და უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან, მათ რეაბილიტაციაში ჩართულები არიან ფსიქოლოგები, სოცმუშაკები და იურისტები.

სავარაუდო მოძალადე ბიძას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სამართალდამცველებმა ის თბილისში დააკავეს. მანამდე კი პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა, მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე განახორციელეს აუდიო და ვიდეოგადაღებაც, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

გამოძიება ამ ეტაპზე არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შრომითი ექსპლუატაციის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები