28 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას - "ლელო" განცხადებას ავრცელებს
ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას - ამის შესახებ განცხადებას "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.
 
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თავდებობის იდეა არ ახდენს შეთანხმების მოდიფიცირებას და სრულ ჰარმონიაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან.
მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: "ამნისტიის საშუალებით და/ ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს”
მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტიდან:
 
"ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.”
 
აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, ,,ლელომ”, როგორც შეთანხმებაშია ნახსენები, რეაგირება მოახდინა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო "ისეთი ზომები" რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას.
კერძოდ: თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.
ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს ,,ქართული ოცნება” იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგავს შესაბამის ნაბიჯს, რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი," - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღის ამბები